Tik Tok საქართველოში

Tik-Tok საქართველოში

WRITTEN BY:

Admin-shark

POSTED ON:

05.08.2020

 

TikTok-ი, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა ბიზნესისთვის, ოღონდ მართლა! 

TikTok – platform for

თუ TikTok-ი ჯერ კიდევ მაიმუნობა გგონია, მაშინ გეტყვი, რომ მთელს მსოფლიოში 800 მილიონი აქტიური მომხმარებლით,155 ქვეყანაში 75 ენაზე ხელმისაწვდომობით და 2020 წლის მონაცემებით N1 გადმოწერად აპლიკაციად სწორედ TikTok-ი ხასიათდება, ოღონდ მართლა !

რატომ არის TikTok-ი ქართველი მომხმარებლებისთვის “საბავშვო ამინდი” – ანუ რატომ არ კეთდება გუნდა  

TikTok-ი ცალსახად Gen Z-ზე მორგებული აპლიკაციაა, სწორედ ამიტომ იარლიყიც ბუნებრივია პირდაპირ გასართობი აპლიკაციის მიეკერა,თუმცა რეალურად საქმე გაცილებით სერიოზულად არის.

და აი რას ვგულისხმობ აპლიკაციის ცალსახად Gen Z-ზე მორგებულობაში. TikTok-ის შემქმნელებმა უკეთესად გაიაზრეს ახალგაზრდა თაობა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ჩვევები და პრეფერენციები ვიდრე მისმა კონკურენტებმა, სწორედ ამიტომ შექმნეს მარტივი მობილური აპლიკაცია, რომლის შესაძლებლობებზე დაყრდნობითაც მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან  მოკლე ვიდეოების საშუალებით შეუძლიათ გახდნენ კონტენტის შემქმნელები და შინაარსის პროვაიდერები, წარმოაჩინონ საკუთარი კრეატიული მხარეები, აჩვენონ და გაუზიარონ ერთმანეთს დაგროვებული ცოდნა თუ ცხოვრების ძვირფასი მომენტები, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი ერთმანეთის “მეგობრები” ან გამომწერები არ არიან. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიდეოს, რომელსაც შექმნი საქართველოში და გამოაქვეყნებ შენს გვერდზე , თავისუფლად აღმოაჩენ სხვა ქვეყნებშიც, უცხოელი მომხმარებლების ფიდებზეც, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ ვინ ხარ, ამის საშუალებით კი ხდები ერთი დიდი გლობალური საზოგადოების ნაწილი.

TikTok-ი არათუ საბავშვო ამინდია, არამედ პირიქით სიმარტივეზე ორიენტირებული კონკრეტული მიზნისკენ მიმართული ძალიან სერიოზული პლატფორმა, რომლის მთავარი ხიბლი მრავალფეროვანი, შეუზღუდავი კონტენტია განსხვავებული მიმართულებებით და  განსხვავებული აუდიტორიებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში TikTok-ის აუდიტორია გაფართოვდა და არა მხოლოდ 18 წლამდე ადამიანებით შემოიფარგლა, არამედ დღესდღეობით მომხმარებელთა 16%  უკვე 25-34 წლამდე ადამიანებსაც კი მოიცავს.
პლატფორმის წარმატებაზე მეტყველებს მისი რეიტინგებიც. მან კონკურენცია მარტივად გაუწია ისეთ გიგანტებს, როგორებიც  YouTube, Instagram და Facebook არიან.

მაგალითად, TikTok-ზე დახარჯული  დრო  ყოველდღიურად 52 წუთს შეადგენს, Instagram-ზე 53 წუთს, Snapchat-ზე 49.5 წუთს, ხოლო Facebook-ს ამ მხრივ ისევ წამყვანი ადგილი უჭირავს, რაც 58.5 წუთია.
ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად მარკეტერებისთვისაა საინტერესო, რადგან რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ამა თუ იმ  აპლიკაციაში, მით უფრო მაღალია შანსი იმისა, რომ ნახოს რეკლამები და ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ TikTok-ი იგივე და ზოგ შემთხვევაში უკეთეს შედეგსაც კი გვიჩვენებს ყოველდღიურ გამოყენებაში, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აპლიკაციები. 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ არხებს TikTok-ისგან განსხვავებით Google-ის  ან Facebook- ის უდიდესი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა ერთიდაიგივე რაოდენობით ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების მოსაპოვებლად Instagram-ს 6,  Facebook-ს თითქმის 4, ხოლო TikTok-ს მხოლოდ 3 წელი დასჭირდა. 

და მაინც, თუ მასზე აგორებული ჭორების გამო შენც სკეპტიკურად ხარ განწყობილი TikTok-ის მიმართ, სინამდვილეში საქმე რაშია… 

მანახე შენი TIkTok-ი და გეტყვი ვინ ხარ შენ…

TikTok-ის მომხმარებლები ორ კატეგორიად იყოფიან, მაყურებლები (watchers ) და კონტენტის შემქმნელები (Creators). TikTok-ის მომხმარებლების ქცევის დასადგენად. 2019 წელს  Globalwebindex-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც მომხმარებელთან 68%-ი არის watcher-ი, რაც გულისხმობს აპლიკაციის სქროლვას და სხვების ვიდეოების ყურებას, ხოლო 55%-ი არის Creator-ი, რაც გულისხმობს საკუთარი ვიდეოების შექმნას და პლატფორმაზე განთავსებას.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, TikTok- ზე ნანახი ვიდეოების საშუალო რაოდენობა ყოველდღიურად 1 მილიონს აღწევს  (Influencermarketinghub, 2018), სწორედ ეს სტატისტიკა გვეუბნება იმას, რომ დროა სერიოზული ყურადღება მივაქციოთ TikTok- ს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კარგად გამოსაყენებელ პლატფორმას.

ბრენდები, რომლებმაც გაიაზრეს TIkTok-ის, როგორც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი გავლენის მქონე პლატფორმის მნიშვნელობა, დიდ წარმატებასაც მიაღწიეს ამ მიმართულებით.  

1. Walmart
ვოლმარტმა, მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ამერიკულმა სუპერმარკეტების ქსელმა, TikTok-ზე ზუსტად იმ საერთო მიზნით შეაბიჯა, რასაც ეს პლატფორმა ემსახურება – წაახალისონ მომხმარებლები გადაიღონ და დადონ მოკლე ვიდეოები თავის გვერდზე.

თემა, რომელიც Walmart-მა ბოლო პერიოდში  TikTok კამპანიისთვის გამოიყენა იყო შავი პარასკევი და იმის გამოხატვა, თუ როგორ გვაბედნიერებს ადამიანებს შავ პარასკევს ფასდაკლბებების გამო დარჩენილი დანაზოგები.

მომხარებლებს ევალებოდათ ვოლმარტის სუპერმარკეტებში ეცეკვათ, გადაეღოთ ვიდეო, დაეთაგათ ვოლმარტის გვერდი და დაეტანათ ჰეშთეგები  #dealdropdance და  #contest, ამის საპასუხოდ კი შეჯიბრში გამარჯვებულები ვოლმარტისგან 100$- იან სასაჩუქრე ბარათს მიიღებდნენ.
მომხმარებლების მხრიდან გამოწვეული  დიდი ინტერესით და კამპანიაში ჩართულობით თეგს  #DealDropDance, დღემდე 3,6 მილიარდი ნახვა აქვს

2. Washington Post

მაშინ, როცა უდიდესი და უძველესი გაზეთი, ვაშინგტონ პოსტი ყოველდღიურ მნიშვნელოვან სიახლეებზე და ამერიკელი მოქალაქეებისთვის მათ  გაცნობაზეა ორიენტირებული,  ცოტამ თუ იცის პროცესი, რომელიც ამ მედია სივრცის სამუშაო გარემოში მიმდინარეობს.


იმის გათვალისწინებით, რომ Facebook-ი, Twitter-ი და სხვა სოციალური მედიის პლატფორმები ვაშინგტონ პოსტს არ აძლევდა საშუალებას ყოფილიყო ფამილარული მომხმარებლების მიმართ, ამ მიმართულებით კომპანიისთვის TikTok-ი შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა . 

TikTok-ზე ვაშინგტონ პოსტის არხი სავსეა მხიარული, საინტერესო ვიდეოებით, ხშირად “კულისებს მიღმა” გადაღებული კადრებითაც კი, რათა მომხმარებლებისთვის მეტად ხელშესახებნი გახდნენ  ადამიანები, რომლებიც მათთვის სტატიებს წერენ, ამუშავებენ და შემდეგ ბეჭდავენ. 

ამ სტრატეგიამ ვაშინგტონ პოსტისთვის საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, რაზეც 566.5K– გამომწერიც მიუთითებს. ვაშინგტონ პოსტმა უდაოდ წარმატებით მოიპოვა TikTok-ის ახალგაზრდა დემოგრაფიულ ჯგუფში სანდოობა და რაც მთავარია, დაიმსახურა მათი სიყვარული.

3.Chipotle Mexican Grill

ცხადია არა მხოლოდ იმიჯურად, არამედ გაყიდვების თვალსაზრისითაც TikTok-ი დიდ შედეგებს უჩვენებს კომპანიებს, რომლებიც მას იყენებენ.
მაგალითად, რესტორენბის ქსელმა Chipotle Mexican Grill -მა ივლისში დაწყებული კამპანიის,  #GuacDance-ის  წყალობით გუაკამოლეს საერთაშორისო დღეზე  800K-ზე მეტი გუაკამოლე გაყიდა.

რადგან TikTok-ი, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბრენდებისთვისაც საკმაოდ მრავალფეროვანი პლატფორმაა, ამიტომ TikTok-ის გამოყენება ნებისმიერი მიმართულების მქონე კომპანიისთვისაა მოსახერხებელი, მაგალითად: NBA, Calvin Klein, San Diego Zoo, Red Bull, Nickelodeon, Apple Music , Guess, – ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომლებიც ასევე დიდი წარმატებით იყენებენ აპლიკაციას. 

და ბოლოს,
რაც კომპანიების წარმატებას განსაზღვრავს  TikTok-ზე არის მათი, როგორც ბრენდის, ამ საზოგადოების ნაწილად გახდომა, ტრენდებზე აყოლა ან თუნდაც ახალი ტრენდების შექმნა, კომპანიის სხვა კუთხით დანახება მომხმარებლებისთვის, როგორც მაგალითად ვაშინგტონ პოსტის შემთხვევაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ TIkTok-ი მომხმარებლებს მათი ჩართულობის საშუალებით აძლევს შესაძლებლობას გახდნენ ბრენდების ნაწილები, თუ სხვა პლატფორმებზე ცნობილი ბრენდების სახეებს ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ აწყობილი სეტებით და იდეალური განათებებით, ამ პლატფორმაზე ნებისმიერს შეუძლია გახდეს ბრენდის ნაწილი, ჩაერთოს მის კამპანიაში და  წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში, რაც თავისთავად პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს ამ კომპანიების მიმართ.

ასე, რომ

Whenever you are ready ! 
ავტორი : ანი როსტომაშვილი